გურამიშვილი: შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნები გამტარუნარიანობის გაზრდაზე მუშაობენ

მსოფლიო ბანკის ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების წარმომადგენლები
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. შუა დერეფნის მიმართ სულ უფრო მზარდია ინტერესი, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს მარშრუტის შემდგომი გაფართოებისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვისათვის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა მსოფლიო ბანკის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
საქართველოში მსოფლიო ბანკის ანგარიშის „სავაჭრო და სატრანსპორტო შუა დერეფანი – დარგობრივი პოლიტიკა და ინვესტიციები 2030 წლისთვის ტვირთების გადაზიდვების გასამმაგებლად და მგზავრობის დროის გასანახევრებლად“ რეგიონალური პრეზენტაცია ტარდება. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და სომხეთის მთავრობების, ასევე ბიზნესგაერთიანებებისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.
„შუა დერეფნის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა... გარდა სატრანზიტო ფუნქციისა, აღნიშნულ დერეფანს უაღრესად დიდი დატვირთვა გააჩნია დერეფნის გასწვრივ ეკონომიკური აქტივობის და რეგიონის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის გაზრდის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, როგორც მსოფლიო ბანკთან, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პოტენციალის რეალიზების კუთხით.
შუა დერეფანი
შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველოს მთავრობის მოსაზრებით, ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამ და სატრანზიტო შესაძლებლობების გაზრდამ, კიდევ უფრო აქტუალური გახადა რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა შუა დერეფანი და შავი ზღვის გავლით წყალქვეშა ინტერნეტკაბელისა ელექტროკაბელის გაყვანის პროექტები.