ოთხ უცხოელს ნარკოდანაშაულის ფაქტებზე პატიმრობა შეეფარდა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ჩინეთის, რუსეთის და უკრაინის 3 მოქალაქე უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მეტამფეტამინს“, „მდმა“-ს, „მეთადონს“ და დიდი ოდენობით ფსიქოტროპულ ნივთიერება „კეტამინს“. ასევე, გერმანიის მოქალაქემ საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს და „კოკაინს“.
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავა >>
4 პირს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა, 1 პირს დამატებით წარედგინა ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე. მათთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
წყარო - პროკურატურა