თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებისთვის ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის ფილმი სახელწოდებით „გზაჯვარედინზე" ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე მოიპოვა სპეციალური ჯილდო The Teddy Award, რომელიც გადაეცემა ფილმებს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირთა პრობლემების შესახებ.
„გაჩნდა მითითებები, ასევე ოფიციალურ დონეზე, რომ გენდერული ნიშნით ცოტა სხვანაირად მოიხსენიონ ოჯახის წევრები, „დედა“ და „მამა“ არ უნდა იყოს, მხოლოდ „მშობელი“ უნდა იყოს ხსენებული და ა.შ. რაც არ უნდა მეგობრული დამოკიდებულება გქონდეს კონკრეტულ ქვეყნებთან, თუ მის ოფიციალურ წარმომადგენლებთან, ჩვენთვის ეს შემაშფოთებელი და უკიდურესად და კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, თანამედროვე ცივილიზებული სამყარო დღეს აწყდება უზარმაზარ პრობლემებს, მათ შორის ერთ-ერთია ლგბტ-პროპაგანდა.
„ეს არა მხოლოდ გამოწვევა, არამედ უდიდესი პრობლემაა“, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება „ბერლინალეზე“ ხაზარაძის ფონდის მიერ ფილმისთვის „გზაჯვარედინზე“ საქართველოს კინოცენტრისგან ცალკე სტენდის დაფინანსებას, მდინარაძის თქმით, არცერთი ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს ასეთ პროპაგანდას, არ უნდა დაუშვან ხელისუფლებაში.
„ამ შემთხვევასთან გვაქვს კონკრეტულად მოცემულ სიტუაციაში საქმე, ოჯახი, რომელიც აფინანსებს თავისი ფონდით ლგბტ პროპაგანდისტულ ფილმებს. უფლებების დაცვა ეს აბსოლუტურად გასამიჯნი თემაა“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, არავინ უნდა შეეხოს უმცირესობის უფლებებს, მაგრამ ლგბტ-პროპაგანდა უზარმაზარ მასშტაბებს იღებს და ოფიციალურ სტრუქტურებში აღწევს.
„უდიდესი პრობლემაა ის, რომ ლგბტ პროპაგანდა სხვადასხვა მასშტაბებს იძენს და ოფიციალურ სტრუქტურებში შედის, არა მხოლოდ კინოების დონეზე, არა მხოლოდ შემოქმედებით დონეზე, არამედ ოფიციალურ სტრუქტურებში რომ ამ პროპაგანდამ შეაღწია ოფიციალური გადაწყვეტილებების სახით, არის უკიდურესად შემაშფოთებელი“, - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველომ, მისმა ხელისუფლებამ, მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამისგან დაიცვას თავისი საზოგადოება და მომავალი თაობა, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
2023 წლის დეკემბერში პარტია „ლელოს“ ლიდერმა დააანონსა „ხაზარაძის ფონდის კულტურისთვის“ შექმნა, რომლის დონორიც მისი ოჯახი იქნებოდა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, ფონდი დააფინანსებს პროექტებს, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას ემსახურება.