თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ჩინეთის მოქალაქეები სასურველი ტურისტები არიან მთელი მსოფლიოსთვის, მათ ახასიათებთ ხანგრძლივი დროით მოგზაურობა და საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
2023 წლის 12 სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო. მათ შეუძლიათ შემოვიდნენ საქართველოში ტურისტული მიზნით და დარჩნენ ქვეყანაში 30 დღემდე ვადით. 2024 წლის 26 თებერვალს კი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩინეთში უწყვეტად 30 დღე დაჰყონ.
როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2023 წელს საქართველოს 50 ათასამდე ჩინელი სტუმრობდა, მიმდინარე წელს კი რიგი აქტივობებია დაგეგმილი ჩინელი ტურისტების მოსაზიდად.
„ვგეგმავთ ვიზიტს ჩინეთში და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენაში, შანხაიში, სადაც ქართულ ტურისტულ კომპანიებს წავიყვანთ და დავამეგობრებთ, დავაკავშირებთ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ასევე ტურიზმის ასოციაციებთან გვექნება მჭიდრო კავშირები. ვგეგმავთ მარკეტინგულ კამპანიებსაც, როგორც ციფრული, ასევე ტრადიციული მედიასაშუალებებით“, - აღნიშნა ომიაძემ.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2024 წლის იანვარში ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 96,4 მლნ დოლარი შეადგინა.