თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 30 ლარიანი მოსაკრებელი დააწესა თოთოეულ კონტეინერზე, რომელიც პორტიდან გადის.
ეს არის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით დაშვებული მაქსიმალური განაკვეთი, რომელიც 1 თებერვლიდან ამოქმედდა.
ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში გაჩნდა ტერმინი „კონტეინერის მოსაკრებელი“, რომელსაც იხდის საქონლის გადამზიდავი, რომელიც ფლობს ან განკარგავს საქონლით დატვირთულ კონტეინერს, რომელიც შესულია პორტში ან რომლის გატანა იგეგმება პორტიდან საქართველოს ტერიტორიაზე.
არ იბეგრება ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე ტვირთი, რომელიც განკუთვნილია სტიქიური უბედურების, ავარიების ან კატასტროფების შედეგების აღმოსაფხვრელად. ამასთან, აკრძალულია დიპლომატიური წარმომადგენლობების პერსონალის საკუთრების დაბეგვრა.