ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება

ძირითადი დოკუმენტი - ეროვნული სასწავლო გეგმა ექვს წელიწადში ერთხელ განახლებას საჭიროებს
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ მოამზადა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის ახალი პროექტი, ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს – რა, სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი 2004 წელს დამტკიცდა და 20 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ეს დოკუმენტი ზოგადი განათლების ერთგვარი კონსტიტუციაა. იგი გულისხმობს ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემაზე, საერთაშორისოდ აღიარებულ უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას, რათა სკოლამ აღზარდოს ღირსეული მოქალაქე", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დოკუმენტი ეფუძნება მოსწავლეებში შემდეგი ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას:
ეროვნული იდენტობის შენარჩუნება;
ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერება;
სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ცოდნა;
სახელმწიფოებრივი აზროვნება და პატრიოტიზმი;
ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემა;
მაღალი სამოქალაქო ცნობიერება, ტოლერანტობა და სამართლიანობა;
თანამედროვე სამყაროში დამოუკიდებლად ცხოვრება და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება.
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები ის დოკუმენტია, რომელიც შეთანხმებული და გაზიარებული უნდა იყოს ფართო საზოგადოებასთან, რათა სასკოლო საზოგადოება სრულად თანხმდებოდეს ამ მნიშვნელოვან პრინციპებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, სამინისტრო დაიწყებს აღნიშნული დოკუმენტის საჯარო განხილვას და შემდგომ წარმოადგენს საბოლოო ვერსიას, რომელიც პარლამენტს წარედგინება დასამტკიცებლად.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა აისახოს როგორც სტუდენტებისა და მასწავლებლების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები.