თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საქართველომ მიაღწია პროგრესს ევროკავშირის ერთიანი როუმინგის სისტემაში გაწევრიანების მიმართულებით და არის იმედი, რომ პროგრესი მიმდინარე წელსვე იქნება, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
20 თებერვალს, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველო შეიძლება შეუერთდეს როუმინგის ევროპულ სისტემას - აღნიშნული განცხადება პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის დროს გაკეთდა.
„კონკრეტული თარიღის დასახელება გვიჭირს, რადგანაც ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ეს გადაწყვეტილება ევროკომისიაზეა დამოკიდებული... იმედი მაქვს, წელს პროგრესი იქნება", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, არსებობს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და საქართველო აქტიურად მუშაობს მის განხორციელებაზე. ძირითადად, საუბარია მარეგულირებელი აქტების მიღებაზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან.
„უკვე ბევრი სამუშაო გაკეთდა. თქვენ ნახეთ და მოისმინეთ განცხადებები ევროკომისიაში იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უკვე ბევრი სამუშაო ჩაატარა. საქართველო იყო ლიდერი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის (საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - რედ. .), რომელმაც გაატარა რეფორმები სატელეკომუნიკაციო სექტორში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს თითოეულ ქვეყანასთან ინდივიდუალური მუშაობა.
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის მიღება იგეგმება.