პაპუაშვილი „ბერლინალეზე“ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილის ლგბტ-ფილმის გამარჯვებას გამოეხმაურა

ხაზარაძის ქალიშვილის საპროდიუსერო კომპანიის ფილმის სტენდი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სტენდისგან ცალკე იყო წარმოდგენილი
Sputnik
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პოლიტიკური პარტია არ უნდა ჩაერიოს იმაში, თუ როგორ წარმოჩინდება ქართული ხელოვნება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერმა ეს განცხადება გააკეთა ლგბტ თემებზე გადაღებული ფილმის „გზაჯვარედინზე“ ჯილდოსთან დაკავშირებით, რომელიც მას ბერლინის კინოფესტივალზე გადაეცა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის შვილის, ანა ხაზარაძის საპროდიუსერო კომპანიის „1991 Productions" ფილმმა სახელწოდებით „გზაჯვარედინზე" ბერლინის კინოფესტივალზე ლგბტ ფილმების ჯილდო - The Teddy Award - მიიღო. ფილმის სტენდი საქართველოს ეროვნული კინოცენტრის სტენდისგან ცალკე იყო წარმოდგენილი.
„მე ზოგადად, პრობლემურად მიმაჩნია ის, რომ პოლიტიკური პარტია ერევა იმაში, თუ როგორ უნდა წარმოჩინდეს ქართული ხელოვნება საზღვარგარეთ. თავად ეს პირდაპირი ძირის გამოთხრაა ქართული კულტურისთვის, როდესაც 2 სტენდით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ვფიქრობ, არის არაპატრიოტული ქცევა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სამწუხაროდ, პოლიტიკას ეწირება ხოლმე ქართული კულტურის ინტერესები, აღნიშნა სპიკერმა.
ქართული კინოს პოპულარიზაცია ბერლინის კინოფესტივალზე – საქართველოს სტენდი>>
თავის მხრივ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არ ფიქრობს, რომ ლგბტქ+ თემატიკა ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„ხაზარაძეების ოჯახის ფონდმა თავისი პირველი წარდგინება ლგბტ მიმართულებით მოახდინა. პარალელური სტენდი და ჩვენება მოაწყო, რომელიც ბერლინალეს ფარგლებში საქართველოს მხრიდან ხორციელდებოდა. თუ ეს ფონდი ლგბტ თემატიკით იქნება დაკავებული, არ მგონია ქართული კულტურის პოპულარიზაციას უწყობდეს ხელს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმმა „გზაჯვარედინზე“ ბერლინალეზე ჯილდო „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლისთვის“ მიიღო.
მაყურებელი ლევან აკინს იცნობს ცნობილი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ". ფილმი მოგვითხრობს ორ მოცეკვავე მამაკაცზე ქართული ეროვნული ცეკვის ანსამბლიდან, რომელთა ურთიერთობა ქართული ცეკვის კონსერვატიზმის გამო საიდუმლოდ უნდა დარჩეს.
ფილმის ჩვენებას საქართველოს კინოთეატრებში პროტესტი მოჰყვა.