თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელიც ესპანეთის სახელით ასპარეზობს, „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მადრიდის „რეალისა" და „სევილიას" მატჩის წინ გულშემატკივრების წინაშე UFC-ის ქამრით გამოჩნდა.
შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა პროფესიონალმა მებრძოლმა ილია თოფურიამ, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, 18 თებერვალს საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
მადრიდის სტადიონზე „რეალისა" და „სევილიას" მატჩში თოფურიამ სიმბოლური პირველი დარტყმა განახორციელა - შეხვედრა „სამეფო კლუბის" სასარგებლოდ ანგარიშით - 1:0 დასრულდა.
ქართული მედიის ცნობით, თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს.
ილია თოფურიასთვის ვოლკანოვსკისთან გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ დაიცვა.
ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ გამოიწვია ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელიც მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს.