თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირი დამნაშავედ ცნო 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, 2023 წლის 18 იანვარს, გურჯაანის სოფელ ველისციხეში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ორმა პირმა, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე შურისძიების მოტივით, 25 წლის მამაკაცს ბლაგვი საგნების გამოყენებით სხეულის დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი გაგუდა - ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ისინი ასევე დაეუფლნენ დაზარალებულის მობილურ ტელეფონს.
„აღნიშნულის შემდგომ, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა მოკლული ველისციხეში სარწყავი არხის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ჭაში დამარხეს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხედარი ჭაში 2023 წლის 25 მაისს იქნა ნაპოვნი.
დამნაშავეთაგან ერთ-ერთ პირს ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე წარედგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო და და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მასაც ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტებზე. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თელავის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს.