თოფურია UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა

თოფურიამ ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი გამოიწვია
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია, რომელსაც იანვარში 27 წელი შეუსრულდა, UFC-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.
18 თებერვალს თოფურიამ საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა.
UFC-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონები:
ილია თოფურია – 27 წლის (საქართველო/ესპანეთი)
შონ ო'მელი - 29 წლის (აშშ)
დრიკუს დიუ პლესი – 30 წლის (სამხრეთ აფრიკა)
ლეონ ედვარდსი - 32 წლის (დიდი ბრიტანეთი).
ქართული მედიის ცნობით, თოფურია მარტში საქართველოში ჩამოსვლას და გულშემატკივრებისთვის საჩემპიონო ქამრის ჩვენებას გეგმავს.
ილია თოფურიასთვის ეს გამარჯვება MMA-ში ზედიზედ მე-15 იყო, მას კარიერაში არასდროს წაუგია. რაც შეეხება ვოლკანოვსკის, ავსტრალიელმა საჩემპიონო ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული.
ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ახალი ჩემპიონია >>
ავსტრალიის წარმომადგენელთან გამარჯვებისთვის თოფურიამ 350 ათასი დოლარი მიიღო, ორგანიზატორებმა კი საუკეთესო ჩატარებული ბრძოლისთვის კიდევ 50 ათასი დაამატეს.
ბრძოლის შემდეგ თოფურიამ გამოიწვია ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი, რომელიც მსუბუქ და ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობს.