მოულოდნელი იყო: „რესპუბლიკურის“ ექიმები მთავრობის გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან

ახალი კლინიკის მშენებლობის დასრულების შემდეგ საჭირო იქნება თანამშრომლების აყვანა, ტერიტორიის ნაწილი კი საინვესტიციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
Sputnik
თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს მომავალზე პრემიერთან საუბარი მოულოდნელად ისე წარიმართა, როგორც ჩვენ გვსურდა, განაცხადა კარდიოლოგიური განყოფილების გამგემ ნინო ოთარიშვილმა.
24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ექიმების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) რეორგანიზაციისა და შენობის დემონტაჟის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტის ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, გადაწყდა, რომ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის და მუშაობას გააგრძელებს სანამ აშენდება უკანა მხარეს, ეზოში, როგორც ეს იყო 2007 წლის პროექტით გათვალისწინებული“, - განაცხადა ოთარიშვილმა.
მისი თქმით, როდესაც ახალი შენობა აშენდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში და ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული, საინვესტიციო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
რაც შეეხება იმ საავადმყოფოს თანამშრომლებს, რომლებიც უკვე დათანხმდნენ და სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიიღეს, ექიმი კახა ხუციშვილის თქმით, სურვილის შემთხვევაში ისინი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამუშაოდ დაბრუნებას შეძლებენ.
„იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ იქ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, და ვისაც ამის სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ არ შეეწინააღმდეგება“, - განაცხადა ხუციშვილმა.
მედპერსონალის პროტესტი
რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ სამედიცინო დაწესებულების შენობის დემონტაჟი და მის ადგილას ევროპული სტანდარტების თანამედროვე საავადმყოფოს აშენება გადაწყვიტა.
შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ფულადი კომპენსაცია ან სხვა კლინიკაში მუშაობა შესთავაზა. მათ გადაწყვეტილების მისაღებად 5 მარტამდე აქვთ ვადა. თუმცა, ექიმების ნაწილი ამ წინადადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
რესპუბლიკურის ექიმები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ: ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი>>>
მიუხედავად ამისა, ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა უკვე დაიწყო. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
გრძელდება კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟი - ექიმებისთვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო>>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.