თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. გლდანში მამის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა 23 თებერვალს თბილისში, გლდანის რაიონში მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა მამას დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას, დაცვის მხარე კი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევი პირია.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.