თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოში გაჩნდა კიბერთაღლითობის ახალი სქემა, რა დროსაც სთავაზობენ დასაქმებას ან ინვესტიციიდან დიდ ამონაგებს, განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოება და ბანკები“.
არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, თაღლითები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ათავსებენ რეკლამებს, სადაც ადამიანებს მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან, ან სთავაზობენ დასაქმებას. ასევე უკავშირდებიან მომხმარებლებს სოციალური ქსელით, სხვადასხვა აპლიკაციებით (Whatsapp, Viber), ცდილობენ დაარწმუნონ, რომ პირმა განახორციელოს ინვესტიცია, ივაჭროს სხვადასხვა აქციებით ან აქტივებით, ამისთვის ურჩევენ აპლიკაციის დაყენებას.
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს რამეს დისტანციურად, სთავაზობენ „ენიდესკის“ ან სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას, რომლის საშუალებითაც თითქოს უნდა დაეხმარონ.
მომხმარებელი იწერს აპლიკაციას, რის შედეგადაც ფაქტობრივად თაღლითს აძლევს მის მოწყობილობაზე წვდომას. ამის შემდეგ თაღლითებს უკვე შეუძლიათ ბარათიდან თანხის გადარიცხვა ან სესხის აღება.
ასევე იყო შემთხვევები, როდესაც აშანტაჟებდნენ და ისე არიცხინებდნენ თანხას.