თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ცაგერის მუნიციპალიტეტში მეწყრული კერების გააქტიურების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე ქვა-ღორღიანი მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
დაზიანდა ელექტროგადამცემი სადენები და მთავარი ძაბვის საყრდენი ბოძები, რის გამოც ტვიშის თემს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
უწყების ინფორმაციით, არსებული მდგომარეობა გეოლოგთა ჯგუფმა შეისწავლა. ამ დროისთვის ტვიშის თემი სარგებლობს ალტერნატიული/შემოვლითი გზით. ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება გზის გაწმენდითი სამუშაოები. აგრეთვე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს ტერასების მოწყობა, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.
პარალელურ რეჟიმში დაზიანებულ უბნებზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფები ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს ახორციელებენ.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილესთან, ალუდა თუთისანთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან ზალკალიანთან ერთად სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციას გაეცნო.