თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ქუვეითური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Jazeera Airways 14 ივნისიდან ელ-ქუვეითიდან ბათუმის მიმართულებით ოპერირებას იწყებს. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
თბილისის შემდეგ ბათუმი საქართველოში მეორე მიმართულება იქნება, სადაც Jazeera Airways კვირაში 7 სიხშირით ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იფრენს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება განაპირობა იმან, რომ საქართველო სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ ავიაკომპანიებთან კომუნიკაციას და თანამშრომლობას, რათა მეტი მიმართულება და მეტი სიხშირე შევთავაზოთ ჩვენს მგზავრებს. შედეგად, ავიაკომპანია 14 ივნისიდან 16 სექტემბრის ჩათვლით ელ-ქუვეითი-ბათუმი-ელ-ქუვეითის საჰაერო ხაზზე ფრენებს ყოველდღიურად შეასრულებს“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
Jazeera Airways-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება 2018 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო.
სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი მზარდია. 2023 წელს საქართველოს ქუვეითიდან 77392 მგზავრი ეწვია. სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან კი ჯამში გასულ წელს 1.094.695 მგზავრი ჩამოვიდა.