კობახიძე: ჩინეთი დაინტერესებულია სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებით

კობახიძის თქმით, საქართველო გეგმავს დარჩეს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც ჩინეთთან, ისე აშშ-სთან
Sputnik
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ჩინეთის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თვალსაზრისით დიდ ინტერესს ხედავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ერთაშორის და კულტურულს, ასევე საერთაშორისოს.
„რაც შეეხება ჩინეთის პოზიციას, ჩვენ ვხედავთ ურთიერთობების გაღრმავების დიდ ინტერესს, რაც ასევე გამოხატულია კონკრეტული ნაბიჯებით, მაგალითად, გვაქვს ძალიან აქტიური სავაჭრო და ეკონომიკური კავშირები, ჩინური კომპანიები ძალიან აქტიურად არიან ჩართული ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია შესაბამისი პროექტების განხორციელებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება.
„ჩინეთის დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყველა მხრიდან ნათელია, მათ სურთ პარტნიორობის მაქსიმალური განვითარება და გაღრმავება“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო გეგმავს დარჩეს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში როგორც ჩინეთთან, ისე აშშ-სთან.
„ორივე სახელმწიფო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ორივე ზესახელმწიფოა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ორივე მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
2017 წელს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2018 წლის იანვარში შევიდა. შეთანხმება ითვალისწინებს ჩინეთში ქართული პროდუქციის დაახლოებით 94%-ის საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლებას.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. 2023 წელს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვამ 1,6 მლრდ დოლარი შეადგინა.