თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სააკაშვილი გათავისუფლდება მას შემდეგ, რაც ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელს მოიხდის, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენმდივანმა, თბილისი მერმა კახა კალძემ.
სააკაშვილი, მის წინააღმდეგ აღძრული ხუთი სისხლის სამართლის საქმიდან სასამართლოს მიერ ორ საქმეზე გამოტანილი განაჩენების საფუძველზე, პატიმრობაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან იმყოფება. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციის ნაწილის და ევროდეპუტატების მოწოდების მიუხედავად, არაერთხელ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს.
„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც მძიმე დანაშაული ჩაიდინა თავისი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. წარმოიდგინეთ, რამდენი პატიმარი იხდის სასჯელს. დარწმუნებული ვარ, უამრავ მათგანმა გაცილებით ნაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი. სააკაშვილი აუცილებლად გათავისუფლდება, მაგრამ მხოლოდ სასჯელის მოხდის შემდეგ“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ძნელია საუბარი იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
„რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, მასაც კარგად ესმის, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს სააკაშვილის შეწყალება პირადად მისთვის", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება მსჯავრდებული სააკაშვილის შეწყალების თაობაზე ევროპარლამენტარების განცხადებას, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ამისთვის მათ ფულს უხდიან
„მათ შეუძლიათ ბევრი სისულელე, სიბრიყვე ილაპარაკონ, მთავარია, ფული აიღონ და ეს ყველაფერი ლობიზმით შენიღბონ", - განაცხადა კალაძემ.
ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წლის მარტში საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
„ქართული ოცნების" ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას" შეუერთდა. მმართველი პარტიის ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
სააკაშვილმა 2023 წლის 20 ნოემბერს ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვის დროს ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ერთი ხელმოწერით მას შეუძლია შვილებს მამა დაუბრუნოს და რაც მთავარია, საქართველოში პოლიტიკური ბალანსი აღადგინოს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1-ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა 2023 წლის ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.