თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობით შეეცდება საარჩევნოდ რევოლუციური ტალღა ააგოროს, მაგრამ მათი გეგმები უტოპიად დარჩება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თეიმურაზ ჯანაშიამ განაცხადა, რომ პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი და „უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ წინარევოლუციურ პროცესში“.
„ქვეცნობიერმა ათქმევინა ბატონ თემურს ის, რომ სააკაშვილი მათ სჭირდებათ წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესებისათვის. ეს არის მათი გეგმა, ოღონდ გეგმა, რომელიც უტოპიად დარჩება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, ჯანაშია ოპოზიციის გეგმები წამოცდა.
„წინასაარჩევნო პერიოდში იქნებ აღქმა მაინც შექმნან იმისა, რომ ასეთი პრობლემები იქნება და წინასაარჩევნოდ აპირებენ, რაღაც რევოლუციური მუხტი ასწიონ და წინასაარჩევნო რევოლუციური პროცესები დააანონსა ამ ადამიანმა პრაქტიკულად, ოღონდ ეს იყო წამოცდენა“, - განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკვე წლებია, აღარ არის საქართველოს მოქალაქე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას მხარი უკვე დაუჭირეს.
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან მოქალაქეობა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ქართული კანონმდებლობით, როგორც უცხოეთის მოქალაქეს, მას პოლიტიკური საქმიანობის და მით უმეტეს, პარტიის ხელმძღვანელობის უფლება არა აქვს.
საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებითა და სრულად პროპორციული სისტემით. გამსვლელი ბარიერი პარტიებისთვის იქნება 5%. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის პერიოდისთვის.
ბოლო საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში მოხვედრის შანსი ორიდან ხუთ პარტიამდე აქვს, ამასთან, „ქართული ოცნება“ ლიდერის პოზიციას დამაჯერებლად ინარჩუნებს.