ოპოზიცია შოვის ტრაგედიით მანიპულირებს - ვიცე-სპიკერი

ქართველი და შვეიცარიელი ექსპერტები მეწყერის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია მანიპულირებს ტრაგედიების, კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში შოვში მომხდარი სასიკვდილო მეწყერის ჩამოწოლის თემით, რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა.
2023 წლის 3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილმა მეწყერმა, პრაქტიკულად მიწასთან გაასწორა კურორტი. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს, დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი. შვეიცარიელმა ექსპერტებმა კომპანია Geotesti-დან მეწყერის ჩამოწოლის მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილება დაასახელეს. ამით მათ დაადასტურეს ქართველი კოლეგების წინასწარი დასკვნა და მრავალი მითი და დეზინფორმაცია გააქარწყლეს.
„გვყავს ოპოზიცია, რომელიც ტრაგედიებით მანიპულირებს. სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებს პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად იყენებს.- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.
მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ შოვში ტრაგედიის არიდება იყო შეუძლებელი, მიუხედავად ამისა ოპოზიცია ცდილობს ამაზე პოლიტიკური დივიდენდები დაიწეროს.
„ეს, რა თქმა უნდა, საზოგადოების მხრიდან შეფასების საგანი იქნება", - განაცხადა კახიანმა.
შვეიცარიელი ექსპერტების მიერ ასევე დადასტურდა სააგენტოს წინასწარი მონაცემები ღვარცოფების სიჩქარესთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამინისტროსა და სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია ცალსახად სწორია, აღნიშნა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბითაძემ.
ერთ-ერთი მითი განგაშის სისტემას ეხებოდა. შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ შოვში განვითარებულ ტრაგედიასა და მასშტაბურ კატასტროფასთან დაკავშირებულ შედეგებს განგაშის სისტემა ვერ აარიდებდა.
შოვში ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარბუბას ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
ბუნებრივი კატასტროფების ადრეული გაფრთხილების რამდენი სადგური ამოქმედდება საქართველოში>>>
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, ჩამოინგრა მისი გარკვეული ნაწილი, რამაც, შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის პროგნოზირება მთელ მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში.
წინასწარი გათვლებით, ღვარცოფს კურორტ შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა, 8-10 წუთში უნდა მიეღია.
ბალნეოლოგიური კურორტი შოვი ონის რაიონში, ზღვის დონიდან 1,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.