თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და „კრედო“ ბანკმა 65 მილიონი ლარის (დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარის) სასესხო გარიგებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი ავრცელებს.
სესხი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსებზე წვდომას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში დასაქმებული ქალების ფინანსურ მხარდაჭერას.
„ქვეყნის სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა და მეწარმეთა მესამედზე მეტი ქალია, მაგრამ ფინანსებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. „კრედო“ გამორჩეულია იმ მხრივ, რომ მიზნად ისახავს ამ ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებას“, - განაცხადა ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების გენერალურმა დირექტორმა სიუზან გაბურიმ.
მისი თქმით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის შიდა წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
სესხთან ერთად ADB-მ „კრედოს“ 700 ათას დოლარამდე საგრანტო ტექნიკური დახმარება დაუმტკიცა, რაც, ასევე, სოფლად „კრედოს“ საქმიანობის გაფართოებას, მისი ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერებითა და ბანკის მომხმარებლებში კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მოხმარდება.
გრანტი ასევე დაეხმარება ისეთი ინიციატივების განხორციელებას, როგორიცაა სოფლად მცხოვრები ქალების ფინანსური ხელმისაწვდომობა და მათი ფინანსური და ციფრული კომპეტენციის გაუმჯობესება.
ADB „კრედოს“ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული გრძელვადიანი დაფინანსებით უზრუნველყოფს, რაც ხელს შეუწყობს „კრედოს“ თავიდან აიცილოს უცხოური ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები. ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდასაჭერად ADB ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს.
აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციით, „კრედო ბანკი“ სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 87 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 486 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალია.
ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ჰოლანდიური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco.
2015 წლიდან აზიის განვითარების ბანკი „კრედო“ ბანკთან მუშაობს პროექტებზე, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო ბიზნესების, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების დაფინანსება და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7 მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.