150 ათასზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება

საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ ვრცელდებოდა.
Sputnik
თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. 150 ათასზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, პროცენტი შეუმცირდებათ, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის" გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
საკითხის განხილვისას მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია დროულად დაიწყოს შემდეგი ეტაპი და პენსიონერებმა განახლებული პირობებით შეძლონ სარგებლობა.
2023 წლის 1 იანვრიდან საქართველოში საპენსიო სესხების პროცენტულმა განაკვეთმა დაიწია და 35%-დან 26%-მდე შემცირდა. თუმცა საპენსიო სესხის პროცენტის შემცირება 2023 წლის იანვრამდე აღებულ სესხებზე არ ვრცელდებოდა.
2021 წლის ზაფხულიდან საქართველოს მთავრობა აქტიურად განიხილავდა პენსიონერებისთვის საბანკო მომსახურების განაკვეთის დაწევის გზებს.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური აგენტი პენსიებისა და სოციალური დახმარებების განაწილების საკითხში „ლიბერთი ბანკია" (Liberty Bank).
დღეს საქართველოში ხანდაზმულობის პენსია ენიშნებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია