თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე კი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, რადგან ბრალდებულს, შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
პროკურატურის ინფორმაციით, 2023-2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
შსს-ს თანამშრომელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126 (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) და 11 პრიმა, 151-ე (გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სიცოცხლის მოსპობის და ქონების განადგურების მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) მუხლებით აქვს წარდგენილი.