თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა პარლამენტის თავმჯდომარის ახალ მოადგილედ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი 85 ხმით აირჩიეს.
წილოსანმა, რომელსაც მეათე მოწვევის პარლამენტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანი შეცვალა.
ჩიქოვანმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა და 2024 წლის 8 თებერვალს თავდაცვის მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.
გუშინ, 20 თებერვალს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვეტა.
კობახიძის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი 86-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ჩიქოვანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მომხრე კი 78 დეპუტატი იყო.
პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ახალი პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ნდობა 8 თებერვალს გამოუცხადა.