კობახიძემ უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს მეორე ფრონტის გახსნის შესახებ სამწუხარო უწოდა

უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები რუსეთის წინააღმდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ ძალიან სამწუხარო იყო, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
უკრაინის წარმომადგენლები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი, არაერთხელ მოუწოდებდნენ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ.
„სამწუხაროდ, მეორე ფრონტთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადება იყო, რომლებიც უკრაინის მთავრობამ და ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. ესენი უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის მრჩევლები იყვნენ, რაც საკმაოდ სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას პოლიტიკურად უჭერს მხარს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი პოზიცია უკვე განმარტა.
„სანქციებს არ ვიღებთ და ამაზე ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, საქართველო სანქციებისთვის გვერდის ასავლელად არ გამოიყენება. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივყვებით და გავაგრძელებთ ამ გზას“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
საქართველო და საერთაშორისო სანქციები
საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად აცხადებს, რომ ქვეყანა ასრულებს საერთაშორისო ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც დაკავშირებულია ფინანსებთან და საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან.
2023 წელს ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მსჯავრდებული სააკაშვილის გათავისუფლებაზე უარის თქმის გამო.
უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სააკაშვილთან მიმართებაში არსებული ვითარების გამო, 2023 წლის ივლისის დასაწყისში „თბილისთან კონსულტაციებისთვის“ საქართველოს ელჩი გააძევეს. ხოლო უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჰუმანიტარული მიზეზების გამო სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით.
როდის გადაიყვანენ სააკაშვილს კლინიკიდან ციხეში - იუსტიციის მინისტრის პასუხი >>
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, ბიზნესმენი უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
ქადაგიშვილი: მთავარი პრობლემა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში - სააკაშვილია>>
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.