ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა გაიზრდება: რას გეგმავს მერია

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონის მიზანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნაა.
Sputnik
თბილისი, 21თებერვალი— Sputnik. მოხარული ვარ, რომ შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეფექტურად აღმოფხვრის შინაური ცხოველების უკანონო გამრავლებისა და მათი ქუჩაში დატოვების პრობლემებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
საქართველოს პარლამენტში შევიდა ახალი კანონპროექტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომელიც არეგულირებს კატებისა და ძაღლების მოვლა-პატრონობის წესებს - შენახვა სახლის პირობებში, გასეირნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაყვანა და ა.შ.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში არაერთი დეზინფორმაცია და ტყუილი გავრცელდა, რომლითაც გარკვეული ძალები ცდილობენ კანონპროექტის დისკრედიტაციას. მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე აღნიშნული პრობლემის მოგვარება ფიზიკურად შეუძლებელია.
„მუნიციპალიტეტებს, რასაკვირველია, პირდაპირ გვეხება ეს საკითხი, რადგან ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევა გვაქვს. საგრძნობლად გავზარდეთ სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამა, მაგრამ დახარჯული ძალისხმევა ვერ ეწევა უკონტროლოდ გამრავლებული და მიუსაფარი ცხოველების რიცხვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, კიდევ უფრო გაიზრდება სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციების რაოდენობა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, მუნიციპალური თავშესაფრის ტერიტორიაზე კი მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პოპულაციების მართვის ახალი ცენტრი აშენდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა 30 ინდივიდუალური ვოლიერი, ლაბორატორია და საოპერაციო ბლოკი თავისი პოსტოპერაციული სივრცით. შენობები უზრუნველყოფილი იქნება სავენტილაციო და საკანალიზაციო და გათბობა-გაგრილების სისტემებით. ახალი ცენტრი იზოლირებული იქნება არსებული თავშესაფრის შენობისგან და იქ ცხოველებს მხოლოდ სტერილიზაცია-კასტრაციის მიზნით გადაიყვანენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
არაუმეტეს სამი ძაღლის ან კატის - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება>>>
როგორც მერმა აღნიშნა, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ უკვე შეისყიდა მობილური ვეტკლინიკა, ასევე სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა.
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაემატება ყოველდღიური ეკიპაჟების რაოდენობა, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება თითოეულ გამოძახებაზე და დამატებით გამოვყოთ ჯგუფები ქალაქში მონიტორინგისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" კანონის მიზანი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველისათვის უსაფრთხო საარსებო გარემოს შექმნაა.
კანონპროექტის თანახმად, კატების ან ძაღლების გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ საშენებს, ამისათვის მათ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურის გაცემული ავტორიზაციის დოკუმენტი დასჭირდებათ. ცხოველების უკანონო გამრავლება 1000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოიწვევს ფიზიკური პირის შემთხვევაში და 2000 ლარს - იურიდიული პირის შემთხვევაში.