,თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტში იმყოფება, სადაც დროებით დასტაბილურებული მეწყერი გააქტიურდა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის 3 აგვისტოს მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარისა და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. საქართველოში სასიკვდილო მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების მიზეზი კლიმატური ცვლილებებია.
სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ - ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში
„სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადიგენში, კერძოდ სოფელ უდეში მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მუნიციპალიტეტის მერიამაც.
მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას დროებით საცხოვრებლად ალტერნატიული ადგილები შესთავაზეს.
როგორც ადრე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, საქართველოში 2024 წლის ბოლომდე 245 ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო სადგური ამოქმედდება, რაც გააუმჯობესებს ადრეული გაფრთხილების სისტემას.
წყალდიდობების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად დასახლებებში კი მოეწყობა ადრეული გაფრთხილების სისტემები.
ფინეთის მეტეოსამსახურთან თანამშრომლობით დაინერგება საინფორმაციო სისტემა, რომლის მიზანია ამინდის პროგნოზირების გაუმჯობესება და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწა.
გეოლოგიური პროცესების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, დამატებით 11 მეწყრულ ლოკაციაზე განხორციელდება თანამედროვე მონიტორინგის სისტემების მოწყობა და წლის ბოლოსათვის ეს რაოდენობა 29-მდე გაიზრდება.
დაგეგმილია მდინარე დურუჯის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გაფრთხილების სისტემების მოსაწყობად სამუშაოების დაწყება. 2024 წელს დასრულდება საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის სხვადასხვა ტიპის ბუნებრივი საფრთხეების რუკების მომზადება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზაფხულის ბოლომდე თანამედროვე სატელიტური დაკვირვების სისტემების გამოყენებით იტალიელი ექსპერტების მიერ შეფასდება ბოლო ათი წლის ჭრილში მეწყრული პროცესების დინამიკა. შამუგიას თქმით, ეს მეწყერსაშიში ტერიტორიების უკეთ განსაზღვრას და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას გახდის შესაძლებელს.