იდენტობის, ენისა და კულტურის შენარჩუნება: ცეცხლაძე რუსეთში ქართული დიასპორის ამოცანებზე

ქართული დიასპორის რუსეთში საქმიანობა, რომელიც ბოლო წლებში განახლდა, მიზნად ისახავს ქართველი თანამემამულეების თვითმყოფადობის, ქართული ენის, ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის
Sputnik
ამის შესახებ ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა, დავით ცეცხლაძემ, „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ვიდეოკონფერენციაზე „რუსეთის ქართული დიასპორა და მისი კავშირები სამშობლოსთან“ ისაუბრა.
„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ქართულმა დიასპორამ დიდი ცვლილებები განიცადა. დღეს ქართული დიასპორა აღორძინებული და გაძლიერებულია და მრავალვექტორულ მიმართულებებზე მუშაობს. რა თქმა უნდა, პირველი მიმართულება არის ქართველი თანამემამულეების იდენტობის შენარჩუნება — ქართული ენის, ქართული ტრადიციების, კულტურის შენარჩუნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა ცეცხლაძემ.
მისი თქმით, რუსეთში ქართული დიასპორა არის ერთ-ერთი ეროვნული ორგანიზაცია, ყველაზე დიდი პლატფორმა, საიდანაც მაგალითს სხვა დიასპორებიც იღებენ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის სხვადასხვა ქალაქების ქართული დიასპორის ლიდერები ექვსჯერ შეიკრიბნენ მოსკოვში.
ორგანიზაციის მუშაობაში ცეცხლაძე მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს რუსეთში ქართული დიასპორის დღედ 12 მაისის დაწესებას. წელს ქართული დიასპორის მეოთხე ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს დიასპორის ყველა ლიდერი, ისინი გაახმოვანებენ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები თანამემამულეების პრობლემებსა და პერსპექტივებს.
როგორც წესი, ორგანიზაცია ორ დღეში განიხილავს ყველა მნიშვნელოვან საკითხს და ადგენს რეზოლუციას, რომელშიც მიუთითებს თანამემამულეების პრობლემებზე როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. ამის შემდეგ ორგანიზაციის წევრები ყველაფერს აკეთებენ მათ მოსაგვარებლად.
ცეცხლაძემ იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს ეთნიკური ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას და ასევე შეიმუშავებს კონკრეტულ პროგრამას, რომელიც დაეხმარება ეთნიკურ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისას ინტეგრაციაში.