სააკაშვილის დახსნის სამარცხვინო მცდელობა: სპიკერი ევროდეპუტატების ხელმოწერების შეგროვებაზე

ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული
Sputnik
თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მიზნით ევროპარლამენტარების მიერ ხელმოწერების შეგროვების დაწყება კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, რომ კრიმინალი სამართლიანი სასჯელისგან დაიხსნან, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ის ფაქტი, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მაღალი დონის შეხვედრებზე სააკაშვილის შეწყალების საკითხი აქტიურად განიხილებოდა, სოციალურ ქსელში მის გვერდზე გავრცელდა. ამავე პოსტში მან მადლობა გადაუხადა თავის წარმომადგენელს სოფო ჯაფარიძეს, რომელიც შეწყალების მიზნით 1 მარტიდან საქართველოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ხელმოწერები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გადაეცემა.
„ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობაა, „კრიმინალი (მიხეილ სააკაშვილი - რედ.) სამართლიანი სასჯელისაგან დაიხსნან. სალომე ზურაბიშვილი თავს ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულად არ თვლის. არის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომლის წინაშეც ის თავს თვლის ანგარიშვალდებულად. რასაც ეტყვიან, ზუსტად იმას გააკეთებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი, საიდან მოდის დაკვეთა და ვინ არის მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების ლობისტი.
„ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს დიდი ხანია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაში დახარჯული თანხების ოდენობა ცნობილი გახდა იმ კანონის წყალობით, რომელიც მოქმედებს შეერთებულ შტატებში და საქართველოში მას „რუსული კანონი“ უწოდეს.
„ჩვენთან რომ მოქმედებდეს „ამერიკული კანონი“, რომელსაც „რუსულ კანონს“ ეძახიან, ჩვენ ამას უფრო ადრე გავიგებდით, მაგრამ სამწუხაროდ, უმალავენ ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტების ლობისტური საქმიანობის თაობაზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა აშშ-ში მოქმედი უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის (FARA) წყალობით, რომლის ანალოგის მიღებასაც 2023 წელს საქართველოში გეგმავდნენ, მაგრამ თბილისში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ის არ იქნა მიღებული.
ლობისტები ამზადებენ საზოგადოებას სააკაშვილის შეწყალებისთვის - ვიცე-სპიკერი>>
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის პოზიციას, ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ არასოდეს შეიწყალებს სააკაშვილს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1–ელ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილმა ივნისის შუა რიცხვებში განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამით მან ერთი წლის წინ გაკეთებული განცხადება უარყო. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ექს–პრეზიდენტი 22 აგვისტოდან მისი დახმარებით საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა, მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.