თბილისი, 19 თებერვალი— Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს.
საუბარია საზღვარზე მიგრანტის უკანონო გადაყვანაზე, ასევე საქართველოში მისი კანონდარღვევით ყოფნის მიზნით პირობების შექმნაზე.
უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ ის საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს.
გამოძიების ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება, დაიწყოს გამოძიება აღნიშნული დანაშაულების მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე.
ცვლილება სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის მინიმალურ ოდენობაა 2000 ლარი, ხოლო მაქსიმალური ოდენობა განსაზღვრული არ არის და აღნიშნულს ადგენს მოსამართლე, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
კანონპროექტი სასჯელის სახედ ითვალისწინებს, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთას, რომლის ვადა ჯერ დაზუსტებული არ არის.
„სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილება დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გააცნო. ამის შესახებ დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.