თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან - ჯანდაცვის სამინისტრომ უკმაყოფილება გამოთქვა ექიმების მსგავს ქმედებებზე.
შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ თანამშრომლებს ფულადი კომპენსაცია ან სხვა კლინიკაში მუშაობა შესთავაზა. მათ გადაწყვეტილების მისაღებად 5 მარტამდე აქვთ ვადა. თუმცა, ექიმების ნაწილი ამ წინადადებას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას მხოლოდ საავადმყოფოს ტერიტორია სჭირდება და კლინიკის ახალი შენობა არ აშენდება. სამედიცინო პერსონალისთვის ანაზღაურების წინადადებას კი შანტაჟის და მოსყიდვის მცდელობა უწოდეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა უკვე დაიწყო. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.
მედიკოსების ნაწილი სამედიცინო დაწესებულების შენობასთან შეიკრიბა და კლინიკის შენობის დემოტაჟის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კლინიკის პერსონალთან კონსულტაციები გრძელდება, თუმცა, ექიმების გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერ კონსულტაციაზე ან შეხვედრაზე.
„სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები", - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.
უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კლინიკაში დასაქმებული მედპერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით და ღირსეული კომპენსაციით.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება კონსულტაციები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის. პარალელურად, აქტიურად გრძელდება შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც, სამხარაულის დასკვნის მიხედვით, მწვავე ავარიულია და გადაუდებლად დემონტაჟს ექვემდებარება.
შეთავაზებების პაკეტის მიხედვით: საავადმყოფოს თანამშრომლებს მთელი წლის კომპენსაციას სთავაზობენ, თუ ისინი უარს იტყვიან სხვაგან მუშაობაზე; დასაქმება მინიმუმ იმავე თანამდებობაზე სხვა კლინიკაში და ფულადი ანაზღაურება ოთხი თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ საავადმყოფოს თანამშრომელს სურს დაელოდო საუკეთესო წინადადებას, ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის მისი ბოლო სამი თვის საშუალო ხელფასიდან გამომდინარე გადაიხადოს კომპენსაცია მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ ის სადმე არ დაიწყებს მუშაობას. ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს შეუძლიათ სამუშაოდ გადავიდნენ არა მხოლოდ სხვა საჯარო კლინიკებში, არამედ კერძო კლინიკებშიც.
რესპუბლიკური საავადმყოფო
რესპუბლიკური საავადმყოფო 1970-იანი წლების დასაწყისში აშენდა და დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის გადაკეთებას 36-48 თვეში გეგმავს. ადრე მედპერსონალის ნაწილმა დაგეგმილ მშენებლობა სამუშაო ადგილების დაკარგვის შიშით გააპროტესტა.
ახალი საავადმყოფო 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი; გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი; ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვ. ამავდროულად, რესპუბლიკური საავადმყოფო საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს შეინარჩუნებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 იანვრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე - შეისწავლა რესპუბლიკური საავადმყოფოს მდგომარეობა როგორც ფინანსების, ისევე ინფრასტრუქტტურის თვალსაზრისით, რამდენად აკმაყოფილებს ის უსაფრთხოების სტანდარტებს და საერთაშორისო მოთხოვნებს. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები.
ექსპერტებმა ჩაატარეს ხუთი სხვადასხვა კვლევა და მოამზადეს შესაბამისი დასკვნები. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შენობის რეკონსტრუქცია ან შეკეთება შეუძლებელია და დემონტაჟს საჭიროებს.
რესპუბლიკური საავადმყოფო საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც შეიქმნა ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო და კერძო კლინიკებს შორის.
ჰოლდინგში ასევე შედის თბილისის ინფექციური საავადმყოფო, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი, რეგიონური ჯანდაცვის ცენტრი და ბათუმის კლინიკური რესპუბლიკური საავადმყოფო.