თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. პოლარიზაციის გადასალახავად აუცილებელია საქართველოში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Euractiv–თან ინტერვიუში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებმაც ხმების სულ ცოტა 5% მოაგროვეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს.
„გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები შემოდგომაზე, დამოკიდებული იქნება საქართველოს შემდეგი ნაბიჯები ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
თუ შედეგი ევროკომისიის მოცემული ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება, აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით,როგორც მმართველმა პარტიამ, ისე ოპოზიციამ უნდა შექმნან ერთიანი ევროპული პლატფორმა, რათა რეკომენდაციები და შეთანხმებები დროულად შესრულდეს.
„მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, როგორ აპირებს ის მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპასა და ამერიკაშიც არ იციან, როგორ შეამცირონ პოლარიზაცია.
„არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, ასევე მიიღო ცხრა ახალი პირობა მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. მათ შორის არის პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.