პოლიტიკური უვიცობა – დეპუტატი საქართველოს პრეზიდენტზე

კოალიცია შეიქმნება მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვედანაყოფებით, განაცხადა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადება კოალიციურ მთავრობაზე, რომელიც მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაახმიანა, არის პოლიტიკური უვიცობა, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ნინო წილოსანმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოცემა Euractiv–თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლარიზაციის გადასალახავად აუცილებელია საქართველოში კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით. დეპოლარიზაცია ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად ერთ–ერთი პირობაა.
„მისი განცხადებები კოალიციურ ხელისუფლებასთან და მთავრობასთან დაკავშირებით, ელემენტარული პოლიტიკური უვიცობაა ან მის პირად ინტერესებს ემსახურება“, – განუცხადა წილოსანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ასეთი კოალიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვედანაყოფებისგან შედგება, ამიტომ პრეზიდენტის წინადადება პირდაპირ ამ პარტიის ინტერესებს ემსახურება.
წილოსანის თქმით, მისთვის ასევე გაუგებარია ზურაბიშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველო მოლდოვასა და უკრაინას უნდა დაეწიოს ევროკავშირის გზაზე.
„მაშინ, როდესაც ის ამბობს, რომ თურმე საქართველომ უნდა იმუშაოს, რომ დაეწიოს უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის გზაზე, მე მიჩნდება კითხვა, რაში უნდა დავეწიოთ, ქალბატონო სალომე, უკრაინას ომში თუ მოლდოვას – დსთ-ის წევრობაში?“, – აღნიშნა წილოსანმა.
საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიიღო, ასევე მიიღო ცხრა ახალი პირობა მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად. მათ შორის არის პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
პარლამენტში 16 თებერვალს გაიმართა „ქართული ოცნების“ მეორე შეხვედრა ოპოზიციონერებთან, რომლებმაც თავისი წინადადებები წარადგინეს ევროკავშირის ახალი პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამ ფორმატში მუშაობაზე უარი განაცხადეს პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატებმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევის რეცეპტი დაასახელა>>
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. პარლამენტში მოხვდებიან პარტიები, რომლებმაც ხმების სულ ცოტა 5% მოაგროვეს. არჩევნებში მონაწილე პარტიების ოფიციალური ჩამონათვალი ცნობილი აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება, როდესაც ცესკო პარტიების რეგისტრაციას დაასრულებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, მიუხედავად ბევრი პარტიისა, პარლამენტში ადგილებისთვის ძირითადი ბრძოლა „ქართულ ოცნებასა“ და მის მუდმივ კონკურენტ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას შორის გაიმართება.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება, პოლიტიკოსები ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე აქტიურ დიალოგს აწარმოებენ.