კისელიოვმა ბაიდენთან ინტერვიუზე თეთრ სახლს წერილობით მიმართა

წერილობითი მოთხოვნა „რუსეთისა და აშშ–ის დიალოგის გაგრძელების“ წინადადებით თეთრ სახლში ამერიკელ ჟურნალისტთან რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუს შემდეგ გაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. მედიაჯგუფი Россия сегодня–ს („როსია სეგოდნია“) გენერალურმა დირექტორმა დმიტრი კისელიოვმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ინტერვიუს თაობაზე მოთხოვნა გაგზავნა, იუწყება РИА Новости.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს არ ჰყოფნით შესაძლებლობა, მოუსმინონ და გაუგონ ერთმანეთს, და მიგვაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ღირსეული მაგალითი აჩვენა, როდესაც დათანხმდა ამერიკელ მაყურებელზე გათვლილ ინტერვიუს“, – ნათქვამია მოთხოვნის ტექსტში.
პროგრამაში Вести недели („კვირის უწყებანი“) კისელიოვმა განაცხადა, რომ წერილი თეთრ სახლში გაიგზავნა. მისი თქმით, ამერიკელი პრეზიდენტის სარკისებრი ინტერვიუ რუს ჟურნალისტთან საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ვარიანტი იქნებოდა ვაშინგტონისთვის.
თუ ბაიდენი დათანხმდება, იგეგმება ინტერვიუს გადათარგმნა უცხოურ ენებზე და მისი გავრცელება РИА Новости–ს Telegram–არხზე, სააგენტოს ვებ–გვერდზე და მედიაჯგუფის სხვა პლატფორმებზე მთელ მსოფლიოში. დმიტრი კისელიოვმა ასევე აღნიშნა, რომ ინტერვიუს გამართვას პირადად თვითონ გეგმავს.
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისგან ინტერვიუს ასაღებად მოსკოვს თებერვლის დასაწყისში ეწვია. რუსეთის ლიდერთან ორსაათიანი საუბარი 9 თებერვლის ღამეს გამოქვეყნდა. ინტერვიუს მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთის დასავლეთთან ურთიერთობებს მიეძღვნა.