თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო გასულ ღამეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაუქმდა სამი და გადაიდო ორი ავიარეისი, იუწყება თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ (TAV Georgia).
„ნისლისა და დაბალი ხილვადობის გამო გასული ღამის განმავლობაში გაუქმდა „თურქეთის ავიახაზების“ სტამბოლი-თბილისი-სტამბოლი ორი რეისი, „პეგასუსის“ სტამბოლი-თბილისის რეისი. გადაიდო „პეგასუსის“ ანტალია-თბილისის რეისი და „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-თბილისის რეისი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც თბილისის აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, ამჟამად ხილვადობა გაუმჯობესებულია და რეისების მიღება ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, რეისების ჩვეულ რეჟიმში მიღება ხორციელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.