თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ევროკავშირის ხელმძღვანელობის პოლიტიკა უბრალო ევროპელების ინტერესებისგან შორსაა, აუცილებელია ცვლილებები, ამიტომ უნგრეთი, როდესაც ევროკავშირის თავმჯდომარე გახდება, აპირებს, რომ „ევროპას სიდიადე დაუბრუნოს“, განაცხადა უნგრეთის პრემიერ–მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, იუწყება РИА Новости.
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის უფლება კავშირის ქვეყნებს როტაციის პრინციპით მორიგეობით გადაეცემა. 2024 წლის დასაწყისში საბჭოს თავმჯდომარე ბელგია გახდა. ივლისის დასაწყისში მას უნგრეთი შეცვლის.
„ზედმეტი სიტყვების გარეშე: ბრიუსელმა ევროპელები მიატოვა, ასეთი განხეთქილება ბრიუსელსა და ევროპელების ნებას შორის არასდროს ყოფილა. ამიტომ ბრიუსელში ცვლილებები აუცილებელია“, – განაცხადა ორბანმა 2024 წლის გეგმებზე საუბრისას.
ეს თავისთავად არ მოხდება, მხოლოდ იძულებით, „აუცილებელია ბრიუსელს მივხედოთ“, რათა „ბრიუსელელებს შორის, ბოლოს და ბოლოს, რამდენიმე ევროპელიც აღმოჩნდეს“, აღნიშნა მან.
„უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობისთვის მზად არის. Make Europe great again – ევროპას კვლავ დავუბრუნებთ თავის სიდიადეს“, – განაცხადა ორბანმა. მან აშშ–ის ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგი Make America great again გამოიყენა.
ორბანმა ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა არაერთხელ გააკრიტიკა, რომელსაც, მისი აზრით, არ შეუძლია კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება.