„ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო ქართლში ექვსი პირი დააკავეს

ორმა პირმა ერთმანეთში კონფლიქტის გადაჭრა ე.წ. კანონიერი ქურდების ჩარევით გადაწყვიტა.
Sputnik
თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა შიდა ქართლში „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდულ სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე ექვსი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულები 20-დან 38 წლამდე ასაკის არიან. მათ შორის არიან „ქურდული სამყაროს" წევრები მეტსახელად „კეკო", „მაჩიტა" და „ბაბუცა".
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ორ ბრალდებულს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მათ კონფლიქტის მოგვარება „ქურდული სამყაროს" წესების მიხედვით გადაწყვიტეს და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართეს, რის შემდეგაც ბრალდებულებს შორის „ქურდული გარჩევა" მოეწყო.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.