თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ფორუმში MCE Central & Eastern Europe მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ავსტრიის სიდიდით მეოთხე ქალაქ ზალცბურგში გამართულ 3- დღიან ფორუმზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო იყო წარდგენილი.
საკონვენციო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ევროპის წამყვან კომპანიებთან, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან და ღონისძიების პოტენციურ დამკვეთებთან.
საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გამოფენის სტუმრებისთვის პრეზენტაცია და ქართული ღვინის დეგუსტაცია მოეწყო.
ფორუმის ფარგლებში საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ისრაელის, ბელგიის, რუმინეთის, უნგრეთის, ესპანეთის, ნიდერლანდების, სკანდინავიის ქვეყნებისა და სხვა სახელმწიფოების კერძო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს გაეცნენ.
MCE Central & Eastern Europe-ზე 80-ზე მეტი ტურისტული მიმართულება იყო წარმოდგენილი.