თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის გაუპატიურებისთვის დაკავებულ 80 წლამდე კაცს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მამაკაცმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 30 წლის ქალი გააუპატიურა.
პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო - 50 ათასი ლარი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) აქვს წარდგენილი.