სამცხე-ჯავახეთში ქალის ადევნებაში პოლიციელი ამხილეს

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ქალის მიმართ ადევნების ფაქტზეა მხილებული, ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატიურად სთხოვდა.
ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, მას მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.
მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია Whatsapp-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.
საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.