თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა ხმების დამცველთა სკოლას ქმნის, სადაც დაინტერესებულ პირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნების კონტროლის მექანიზმებს შეასწავლიან, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ახალი ტექნოლოგიებით, მთლიანად პროპორციული სისტემით და განსაზღვრავს რომელი პარტია ჩამოაყალიბებს მთავრობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.
„ჩვენ არ უნდა ვიყოთ მხოლოდ ეუთო/ოდირის და ჩვენს პარტნიორების იმედზე. ჩვენ ვქმნით ხმის დამცველთა სკოლას, სადაც გადავამზადებთ ადამიანებს, მათ შორის ახალგაზრდებს, რომ იცოდნენ ყველა კანონი და საარჩევნო პუნქტი - როგორ და რით შეიძლება არჩევნების გაკონტროლება. ჩვენ მაქსიმალურად ვემზადებით იმისათვის, რომ ხალხის ხმები იყოს დაცული “, - განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე კვირის დასაწყისში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორს მატეო მეკაჩის მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დამკვირვებლების მოწვევის მიზნით წერილი გაუგზავნა.
როგორც წერილში აღნიშნულია, საქართველო მზადაა, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი დამკვირვებლების მიერ თავიანთი ფუნქციების ეფექტურად შესრულებას.
OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი მისია ქვეყანაში ჩამოვა არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე და დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოკლევადიანი მისია კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვა და უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობას და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდება.
წინასწარი ინფორმაციით, წელს არჩევნებზე დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა. ეუთოს გარდა, მრავალრიცხოვანი მისიების გაგზავნის შესახებ ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე განაცხადეს.
საპარლამენტო არჩევნების სათანადო პირობებში გამართვა ერთ-ერთი პირობაა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს შემდგომი წინსვლისთვის.