უკანონო შემოსავლის ლეგალიზება: ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნეს

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო, ნათქამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონგ-კონგში მოქმედი საწარმოს დირექტორთან და ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის პირობით, 13 მლნ დოლარი უცხოურ საბანკო ანგარიშებზე მოტყუებით ჩაარიცხინეს.
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაწილ-ნაწილ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, დაახლოებით 2 მლნ დოლარი ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მსჯავრდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაახლოებით 2 მლნ დოლარი გაათეთრეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო იურიდიულ პირებს უვადოდ ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობის უფლება და თითოეულს 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ.
განაჩენით მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 2 მლნ ლარამდე თანხა, ასევე დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი, 1 მლნ ლარზე მეტი ღირებულების თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი.