თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის ფაქტზე ოთხი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეტა სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერს, თანამშრომელთან ერთად, შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა. კერძოდ, პრომო-გოგონების მეშვეობით ისინი ერთ-ერთი აპლიკაციით უკავშირდებოდნენ საქართველოში ტურისტულად მყოფ უცხოელ მამაკაცებს, რომლებსაც წინასწარ შემუშავებული თაღლითური სქემით თავს რესტორანში აპატიჟებინებდნენ.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამოდ დიდ თანხებს ახდევინებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მიერ დასახელებულ თანხას არ გადაიხდიდნენ, მათზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამ გზით ეუფლებოდნენ ფულს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.