თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მიმდინარეობს მუშაობა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოსაჩენად, რომელიც, შესაძლოა, იყოს ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენდირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ქუთაისი-ბარსელონა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12: 45 საათზე გაფრინდა, თუმცა, აფრენიდან მალევე ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი - ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, განხორციელდა მგზავრთა უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია.
„შესაბამისი სამსახურების მობილიზება ყველა პროცედურის შესაბამისად მოხდა, აღნიშნული თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დროულად დაეშვა, მგზავრების ევაკუაცია დაუყოვნებლივ განხორციელდა", - განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, მომხდარის შესახებ ყველა შესაბამისი უწყება ინფორმირებულია. კიდევ ერთი თვითმფრინავი გადის დამატებით შემოწმებას.
როგორც ქარქაშაძემ განაცხადა, აფრენიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში აეროპორტმა თვითმფრინავის ეკიპაჟისგან მიიღო ინფორმაცია, რომ ისინი სასწრაფოდ ბრუნდებოდნენ ქუთაისის აეროპორტში, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებების სავარაუდო არსებობის შესახებ.