ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა და ხევში გადაადგო - მამაკაცს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე დაკავებულ მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა თბილისში 2023 წლის 4 ივნისს მოხდა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მამაკაცმა კუკიის დასახლებაში ყოფილი მეუღლე თოკით გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა და გლდანის რაიონის ტერიტორიაზე ხევში გადააგდო.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
მას ბრალდება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის „თ“, და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.