დეპუტატი: გვარამია „ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტია

რაქვიაშვილის თქმით, გვარამია უფრო მეტადაა „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, ვიდრე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტი იყო და ამ ქვეყანაში ვერავინ დაიჯერებს, რომ იგი „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი არ არის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა.
ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს გვარამიამ განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს „ნაცმოძრაობის" ექს-თავმჯდომარე ნიკა მელიასთან, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან" და „დროასთან". აღნიშნულ პარტიებს „ქართული ოცნება" კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" და „რადიკალურ ოპოზიციას" უწოდებს.
„ნიკა გვარამია იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი. ბოლოს და ბოლოს მიტინგზე მიშას გამო ტიროდა. მე უბრალოდ არ მგონია, რომ ამ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ გვარამია „ნაცი“ არ არის", - განაცხადა რაქვიაშვილმა.
ოპოზიციონერი თვლის, რომ გვარამია უფრო მეტადაა „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, ვიდრე პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
„იმის მტკიცება, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან და იმ ელექტორატზე მუშაობენ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" არ მოსწონს, დამაჯერებელი არ არის. შეიძლება ჩვენს ქვეყანაში არსებობს ისეთი უცნაური ხალხი, ვინც ამას დაიჯერებს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთები ბევრი არიან“, - განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა.
ოპოზიციურ სპექტრში ამჟამად მიმდინარეობს არჩევნების წინ ძალების გადანაწილება და პოლიტიკოსები აქტიურ დიალოგში არიან ჩართული ახალი პოლიტიკური ძალებისა და კოალიციების შექმნაზე.
2012 წლიდან ხელისუფლება მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებული პოლიტიკური ძალის ხელშია - თავიდან ეს იყო კოალიცია „ქართული ოცნება“, ხოლო 2016 წლიდან, როცა კოალიცია დაიშალა, ყველა არჩევნები მოიგო ერთმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა“. საქართველოს.
მოკლედ გვარამიას შესახებ
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სხვადასხვა წელს გვარამიას მთავარი პროკურორის მოადგილის, იუსტიციის მინისტრისა და განათლების მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კი მან ჟურნალისტიკის სფეროში გადაინაცვლა.
ხალხს თვალში ნაცარს აყრიან - ექსპერტი ქვეყანაში „მესამე ძალის" შექმნაზე>>>
ხელისუფლების ცვლილებიდან ათი წლის შემდეგ, 2022 წლის 16 მაისს, გვარამია, იმ დროისთვის უკვე ახალი ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის 6,8 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მიყენებაზე მაშინ, როცა გვარამია მისი გენერალური დირექტორი იყო.
მმართველ პარტიაში არაერთხელ განაცხადეს, რომ გვარამიამ თანხების „გადაქაჩვა" ტელეკომპანიიდან მაშინ დაიწყო, როცა მისი დაბრუნება ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა. ხალვაშის თქმით, გვარამიას მთავარი მიზანი „რუსთავი 2"-ის გაკოტრება იყო, რათა კომპანიის დაბრუნებას კანონიერი მფლობელისთვის აზრი დაეკარგა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ მოითხოვეს გვარამიას გათავისუფლება, რომელსაც პოლიტპატიმარს, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი უსამართლოს უწოდებდნენ.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.
გვარამიამ ციხის დატოვებისთანავე განაცხადა, რომ აღარ იქნება „მთავარი არხის" ხელმძღვანელი. 2023 წლის სექტემბერში მან პირდაპირ განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებს მოსვლას.