დეპუტატი: პრეზიდენტი საერთაშორისო ტრიბუნას საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად გამოიყენებს

Sputnik
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ტრიბუნას გამოიყენებს საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის ამჟამინდელი ხელისუფლების მიმართ ნეგატივის გამოსახატავად, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილმა მიიღო ოფიციალური მიწვევა და აპირებს მონაწილეობა მიიღოს მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება. ამასთან, მთავრობაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის მიღებისთვის მათთვის არ მიუმართავს.
„სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას გამოიყენებს თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად. ის იქნება გაბრაზებული მთელ საქართველოზე და, რა თქმა უნდა, პერსონიფიცირებას საქართველოს ხელისუფლებაზე უაღრესად ნეგატიური გამოსვლით გააკეთებს", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილის მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც მზად არიან ხელი მოაწერონ ნებისმიერ სცენარს ქვეყნის შიგნით, ოღონდ კი არ იყოს არსებული ხელისუფლება.
„რატომ მიემგზავრება ზურაბიშვილი? იქ ფონი მომზადებული დახვდება, რათა საქართველოს წინააღმდეგ გზავნილების გაჟღერება გააგრძელოს. თქვენ რა მაჩვენებელიც არ უნდა ჩამოთვალოთ, საქართველომ ყველა კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, მაგრამ ქვეყანაში არიან ძალები, რომლებიც კარგავენ ხელისუფლებაში მოსვლის შანსებს. უცხოეთში მათი ლობისტები კი ხელიდან არ უშვებენ არცერთ შანსს, რომ გაააქტიურონ რადიკალური შიდაპოლიტიკური ძალები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მას მხოლოდ საკუთარი ამბიციები აწუხებს - დეპუტატი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე>>>
„ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს აცხადებენ, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი კი არა, მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია. ხელისუფლება ამ პარტიას და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებს.