ოპოზიციის უარი შემაფერხებელი არ არის - დეპუტატი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე

2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს.
Sputnik
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს და ამ პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარიპროცესს ხელს ვერ შეუშლის, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით პირველი სამუშაო შეხვედრა პარლამენტში 29 იანვარს გაიმართა. მეორე შეხვედრა კი მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც ოპოზიციამ საკუთარი წინადადებები უნდა წარმოადგინოს. „ლელო საქართველოსთვის" ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ" იცის როგორ შეასრულოს ეს პუნქტები პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
„ყველა კარგად ხვდება, რომ ჩვენი მხრიდან რეალურად გადაიდგმება ნაბიჯები. კარგი იქნება, ოპოზიცია მონაწილეობას თუ მიიღებს, მაგრამ თუ არ მიიღებს, ეს პროცესს მაინც ვერ შეაფერხებს. ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა შექმნათ, რომ ეს არის მეტრებსა და კილოგრამებში გაზომილი კონკრეტული სამუშაო - ეს არის პროცესი", - განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მოლოდინებზე მეტად, იმაზე საუბარი იქნებოდა უკეთესი, თუ რამდენად კარგი იქნებოდა, რომ მუშაობის პროცესში ოპოზიციას კონსტრუქციული განწყობა ჰქონდეს და მათი მხრიდან წარმოდგენილი იყოს ინიციატივები, მოსაზრებები, რაც მუშაობას ნაყოფიერს გახდიდა.
„ალბათ ოპოზიციისგან დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმის გათვალისწინებით, რა განცხადებებიც გაკეთდა პირველი შეხვედრის შემდეგ. ეს მაინც და მაინც იმედიანად ყოფნის საფუძველს არ გვაძლევს", - აღნიშნა სარჯველაძემ.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
ღარიბაშვილის მთავრობამ დეკემბერში შეადგინა სამოქმედო გეგმა პუნქტების შესასრულებლად. ამჟამად გეგმის განხილვა მიმდინარეობს პარლამენტში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დისკუსიის ფარგლებში.