თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოში მიმდინარე სტიქიური უბედურებები დაკავშირებულია კლიმატის გლობალურ ცვლილებასთან და მსგავსი პროცესები კვლავ მოსალოდნელია ქვეყანაში, აცხადებს გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტი, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე.
საქართველოში სტიქიური უბედურებები გახშირდა. 2023 წლის აგვისტოში, მთის კურორტ შოვში მეწყერს 32 ადამიანი ემსხვერპლა, ერთი თვის შემდეგ კი სამი ადამიანი იმავე მიზეზით გურიაში დაიღუპა. ხოლო 2024 წლის 6 და 7 თებერვალს აჭარის და იმერეთის რეგიონებში მეწყრისა და ზვავის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.
„ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის მოვლენა, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ასეთი მოვლენების გახშირება ნამდვილად გლობალური პროცესების ნაწილია“, - განაცხადა ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესცენტრში.
შოვის მოვლენების შემდეგ 7 თვე გავიდა, მაგრამ ქვეყანა სათანადოდ არ აღმოჩნდა მზად მსგავსი მოვლენებისთვის, თუმცა რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები დამონტაჟდეს, აღნიშნა მან.
როგორც სპეციალისტმა აღნიშნა, ფაქტობრივად შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ სად ჩამოწვება მეწყერი, მაგრამ რისკის ზონების გამოყოფა სავსებით შესაძლებელია.
ჩხობაძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია მობილიზაცია, ბევრი უწყების ჩართულობა, მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა, რომელიც შეძლებს დაინახოს და ამოიცნოს რეალური პროცესების დასაწყისი. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება და მობილიზება, დარწმუნებულია იგი.
„დღეს რომ მიადგეთ, რომელიმე სოფელს უთხრათ, ახლა უნდა გაგასახლოთო, თავის საკარმიდამო ადგილს არცერთი დატოვებს. ადეკვატური კომპენსაციები უნდა იყოს. შესაბამისი მიწები უნდა მოვძებნოთ. საფრთხისშემცველი ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა უნდა მოვახერხოთ. ერთადერთი პრევენცია, რომელიც არსებობს, რათა მსხვერპლი არ იყოს, არის შემდეგი – ადამიანები მოვაცილოთ იმ ტერიტორიას, სადაც შეიძლება, დიდი საფრთხე შეიქმნას“, - აღნიშნა მან.
როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, არამდგრად ფერდობებზე არ შეძლება მშენებლობა. კომპანიებმა უნდა დაივიწყონ სიტყვა „მინდა” და შეიგნონ, რომ თუკი სპეციალისტები ამბობენ, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ შეიძლება, უნდა შეასრულონ მითითებები.
მისი თქმით, კიდევ ერთი საკითხია ტყის საფარის დაცვა. ჩვენთან 36%-მდე დეგრადირებული ტყეა. ფაქტობრივად, ის აღარ ასრულებს ტყის იმ ფუნქციას, რასაც წყალმარეგულირებელი ფუნქცია ჰქვია. ბევრი ასეთი ტერიტორია ზუსტად დასახლებულ პუნქტებთანაა, სადაც შემდეგ შეიძლება, ან მეწყერი, ან ღვარცოფული მოვლენა განვითარდეს.
„ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობები არ შეიძლება”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ახლა უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა ზამთრისთვის. წინა კვირას დასავლეთ საქართველოში +23 გრადუსამდე დაფიქსირდა. ეს ცვალებადობა, ტემპერატურის უცებ დაცემა მერე აწევა აჩენს მიწის გამოფიტვას, ეროზიებს და დამატებით კერებს აჩენს.
„ზოგადად, ეს მოვლენები გაგრძელდება. ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე არაორდინარული მეტეოროლოგიური პირობები შეიძლება, შეიქმნას. ერთ დღეს შეიძლება, მოვიდეს ნალექის ისეთი რაოდენობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მოსულიყო“, - განაცხადა ჩხობაძემ.
ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ახლა საქართველო საგანგებო რეჟიმშია, საშიში ზონები პრაქტიკულად ყველგანაა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
„ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს, არა ერთ უწყებაზე უნდა იყოს მიმაგრებული, არამედ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა ჩხობაძემ.