თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ მთავრობის ყველა გადაწყვეტილების გასაჯაროების შესახებ შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული ყველა ბრძანება და დადგენილება კვლავ გახდება ყველასათვის ხელმისაწვდომი, ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაგალითი უნდა იყოს ყველასთვის.
„როდესაც ირაკლი კობახიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მთავრობის ყველა გადაწყვეტილება გახდეს საჯარო, ამან ძალიან შეაშინა ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გახარიას გუნდს წარმოადგენენ საქართველოს პარლამენტში თუ მის გარეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ კონტროლირებადი მედია და გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილისთვის მიეწერათ, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მთავრობის განკარგულებების გამოქვეყნება რეკონსტრუქციის მიზეზით სწორედ გახარიას თანამდებობაზე ყოფნის დროს შეჩერდა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, „ნაც-მედია" და „გახარიები“ (მისი პარტიის წარმომადგენლები - რედ.) ერთად ცდილობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება მიეწერათ ღარიბაშვილისთვის. დღეს, ირაკლი კობახიძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ აღმოჩნდა, რომ გახარიას პრემიერობის დროს, მის მიერ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული რეკონსტრუქციის მოტივით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
არაფერი შეცვლილა, არანაირი რეკონსტრუქცია არ მომხდარა, გახარიას გადაწყვეტილებით მთავრობის ყველა გადაწყვეტილება აბსოლუტურად დამალული გახდა, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ თითქმის სამი წლის განმავლობაში გამოუქვეყნებელი განკარგულებები ერთ დღეში გამოქვეყნდეს, სპეკულაციურია, ვინაიდან ყველა განკარგულების ასახვას დრო სჭირდება.
„დაიმახსოვრეთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამაზე ააგებენ პიარს", - განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობას განკარგულებები თითქმის სამი წელია არ გამოუქვეყნებია, ბოლო გამოქვეყნებული განკარგულება 2020 წლის სექტემბრით თარიღდება.
მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ ასევე აიღო ვალდებულება გამოაქვეყნოს სხდომების ოქმები, როგორც ღია მმართველობის ეროვნულ გეგმაშია გაწერილი. დოკუმენტის მიხედვით, მთავრობის სხდომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის არ გამჟღავნდება, მომავალში ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.